ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ენმ-ის ოფისთან პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაეწია.
„ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.