ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა. როგორც ხმალაძემ “პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ არსებული საფრთხეები ობიექტურად უნდა გააანალიზოს და პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეგულაციები უნდა დაიცვას.
„კორონავირუსი, როგორც სხვა ვირუსები, ცირკულირებას განაგრძობს და შესაძლოა, მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც დაფიქსირდეს. მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ ვირუსისგან გათავისუფლება არ მომხდარა.
მედიცინაში იხმარება სიტყვა ეპიდაფეთქება. როცა დღეში 13-14 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, ეს ვითარება უკვე ეპიდაფეთქებად უნდა ჩავთვალოთ. თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი კონტროლირებადია და საშიში არაფერია.
მთავარი საშიშროება არის ის, რომ სახელმწიფოს აწვება ვირუსით დაავადებულთა სიმძიმე. მაქსიმალური კონტროლი თუ არ გაეწია პირბადეების სწორად ხმარებას და სხვა რეგულაციების დაცვას, უარესი იქნება“,- განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გაზრდილი შემთხვევების გამო, ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი. ამ დროისთვის ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-ს შეადგენს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე