„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების რიტორიკა შეცვლილია, რაც იმედს იძლევა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეთანხმებით დასრულდება.
“ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან რიტორიკა შეცვლილია. ამიტომ, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მესამე რაუნდი გაიმართება, სადაც ოპონენტებთან ერთად საკითხებს განვიხილავთ და რაიმე შეთანხმებას მივაღწევთ.
მთავარი წითელი ხაზი, რაც ამ დიალოგის დროს დგას, ჩვენი ამომრჩევლების ნებაა. ორი მილიონი ამომრჩევლის ნების გადახედვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლების უპატივცემლობა იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.