საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი Googles-ის საძიებო სისტემაში მეტწილად, შემდეგი აღწერით იძებნება – „ქართველი ოპერატორი ანტი-ლგბტქ აქტივისტების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა”.
გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ ლექსო ლაშქარავას თავს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაესხნენ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალები ფაქტს გამოეხმაურა ტელეკომპანია BBC.
„ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განხორციელებული თავდასხმების გამო სახეზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ის საავადმყოფოდან გაწერეს. ტვ-პირველის რედაქტორმა ლექსო ბოლოს პარასკევს ნახა და ამბობს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. ლაშქარავა კვირა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო”,- წერს BBC.
როგორც BBC აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დისკრიმინაცია უკანონოა, „აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია”.
გამოცემას ასევე მოყვანილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადება, სადაც ღარიბაშვილი ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს „წარმოუდგენელ ტრაგედიად” მოიხსენიებს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა The Guardian-იც.
Guardian-ი წერს, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში მომუშავე ოპერატორი გარდაცვლილი საწოლში მას შემდეგ იპოვეს, რაც მემარჯვენე, თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეე ძალებმა სასტიკად სცემეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენების შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
„ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს საერთაშორისო ორგანიზაცია – „რეპორტიორები საზღვრების გარეშე” და ხელისუფლებას პასიურობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო”,- ნათქვამია The Guardian-ის სტატიაში.
Guardian-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მედიასაშუალებები და უფლებადამცველები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ და მას ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
„კრიტიკოსები ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰომოფობიური და ნაციონალური ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომლებიც პრო-დასავლური პარტიების მიმართ პროტესტს გამოხატავენ”,- აღნიშნავს Guardian-ი.
„ჟურნალისტი, რომელსაც თავს ანტი-ლგბტქ აქტივისტები დაესხნენ, გარდაიცვალა”,- ამ სათაურით ეხმაურება DW ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.
გამოცემას მოყვანილი აქვს ტვ-პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობა არა მხოლოდ უწყობს ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს, არამედ თვითონ არის ამის ნაწილი.
DW წერს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიგეგმა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისი პრაიდის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოებისთვის აქციის ჩატარება მიუღებელი იყო, რამაც მემარჯვენე და მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან შესაბამის რეაგირებას შეუწყო ხელი.
Reuters-ი კი აღნიშნავს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით, თბილისის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.
გამოცემა წერს, რომ ლაშქარავას ოჯახი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.
„პროტესტის ნიშნად ქალმა მთავრობის კანცელარიის შენობას წითელი საღებავი შეასხა”,- წერს Reuters-ი.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა Bloomberg-იც.
„ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორებისა და მედია საშუალებების წარმომადგნების უსაფრთოხოება ვერ უზრუნველყო. შსს-მ ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“,- წერს Bloomberg-ი.
გამოცემას მოყვანი აქვს ჟურნალისტის, ვახო სანაიას კომენტარიც, სადაც ის ღარიბაშვილს გადადგომისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მომხდარი ძალადობა დაგმო.
მომზადებულია BBC-ს, Guardian-ის, DW-ს, Bloomberg-ის, Reuters-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge