სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.
“ძალიან სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2012 წელს და 2016 წლებში რელიგიური შუღლის ნიადაგზე არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც სამართლიანი და ობიექტური გამოძიება არ მოჰყოლია და მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიებები შეწყდა კიდევაც.
რწმენა არის თავისუფალი და რწმენის თავისუფლება მოიცავს, ასევე, ყველა ადამიანის უფლებას ილოცონ და თავისუფლად აარჩიონ სალოცავი ადგილი, ხოლო სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას თითოეული მოქალაქის რწმენის თავისუფლება დაიცვას და ასევე, ქვეყანაში საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრება უზრუნველყონ, რათა რელიგიურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდეს”, – განაცხადა ლომჯარიამ.